ახალი ამბები
"ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა" - გიორგი გახარია

პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ. პოლიციელები აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.


მინისტრის თქმით, არ შეიძლება ადამიანს სახალხო სასამართლო მოუწყო, მაშინ როცა სამართლებრივი პროცედურები არც კი დაწყებულა.

„ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა მისი დაწყებიდან დასრულებამდე. ამ პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ. ასევე, ჩემი პასუხისმგებლობაა, ის ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება, როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის, პოლიციელებს, მაშინ როცა სამართლებრივი პროცედურები არც კი დაწყებულა. ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა. ის ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, ადამიანები, რომლებიც იცავდნენ სამოქალაქო სიმშვიდეს და იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა, ეს ადამიანები უნდა იყვნენ შესაბამისად შეფასებული საზოგადოების მხრიდანაც“- განაცხადა გახარიამ.

პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევეა დეტალურად გამოსაძიებელი, - ასე პასუხობს შს მინისტრი გიორგი გახარია კითხვას, იყო თუ არა ძალა გადამეტებული 20 ივნისის ღამეს პოლიციელების მხრიდან.

მინისტრის თქმით, ის დაიცვას ყველა პოლიციელს, რომელსაც დღეს ზოგიერთი ცდილობს მოუწყოს სახალხო სასამართლო.

„მე ვთვლი, რომ პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ძალა. პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევეა დეტალურად გამოსაძიებელი. მკაფიოდ ვყოფ სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაწილს. სამართლებრივი ნაწილი, რომელიც მისაყვანია ბოლომდე, გამოსაძიებელია“ - განაცხადა გახარიამ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, არსებობს პროტოკოლი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს და თუ ვინმემ დაარღვია და ეს ჩანს კამერებზე, ან არის ამის დამადასტურებელი ფაქტები, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს დასჯილი.

„თქვენ ახლა მაგალითად, რეზინის ტყვიებს ეძახით რაკეტისებურს, ზოგი ეძახის დათვის. ეს უბრალოდ ცინიკური ტყუილია, რომელიც ხვალ და ზეგ გამჟღავნდება. გამოძიება გამოიძიებს და იტყვის, რას რა სახელი უნდა დაერქვას, თუმცა, ის რეგლამენტები, რომელიც არსებობს დღეს ამ რეზინის ტყვიების გამოყენების ნაწილში, შესაძლებელია იყოს გადახედილი, შეიძლება გადავხედოთ. რაღაც ნაწილში შეიძლება ამოვიღოთ რაღაც სახის, ან შეიძლება ცოტა სხვანაირი პროტოკოლები გავაკეთოთ, რომელიც უფრო გაითვალისწინებს საერთაშორისო ნორმებს, თუმცა, აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შემთხვევები, როდესაც ხდებოდა დამიზნებით ან ახლო მანძილიდან სროლა, არის გამოსაძიებელი, ამას არანაირი კავშირი არ აქვს პროცედურულ თემებთან, რომელიც იქნება გასაუმჯობესებელი. ეს სხვადასხვა რამეა. არსებობს დღევანდელი პროტოკოლი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს და თუ ვინმემ ეს დაარღვია და ეს ჩანს კამერებზე, ან გვაქვს ამის დამადასტურებელი ფაქტები, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს დასჯილი, რასაც ჩვენ ახლა გავაკეთებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთი ტყვია, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებით მსგავს ღონისძიებაში გამოყენების ნორმებს, რა თქმა უნდა, გამოყენებული არ ყოფილა, ვერ იქნებოდა. თუმცა, რამდენად შეესაბამებოდა მათი გამოყენება იმ პროტოკოლს, რომელიც აძლევს შესაბამის პირს მისი გამოყენების უფლებას, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება კითხვის ნიშნები იყოს და ეს კონკრეტული შემთხვევები არის შესასწავლი“ - განაცხადა გახარიამ.

 

Print