ახალი ამბები
"ნულოვანი ბარიერი ნიშნავს ყველანი პარლამენტში" - ლევან ბოძაშვილი
„ნულოვანი ბარიერი ნიშნავს - ყველანი პარლამენტში. საარჩევნო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები უნდა მოხდეს, რათა მომავალ პარლამენტში სრული „ბარდაგი“ გამოირიცხოს, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა განაცხადა. ამით ბოძაშვილი გამოეხმაურა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით. ბოძაშვილის შეფასებით, 0%-იანი ბარიერის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება, ფინანსური რესურსის გათვალისწინებით. „ნულოვანი ბარიერი ნიშნავს - ყველანი პარლამენტში. ჩვენ მივიღებთ 1992 წლის მსგავს პარლამენტს, სადაც ყველა იქნება წარმოდგენილი მცირე ოდენობით. ეს გადაწყვეტილება არსებითად მიმართულია არსებული პოზიციურ-ოპოზიციური მონოპოლიის წინააღმდეგ. ვფიქრობ, დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას საკონსტიტუციო კომისია და ეს ცვლილებები ფართო კონსენსუსით განხორციელდეს. ასევე, საარჩევნო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები უნდა მოხდეს, რათა მომავალ პარლამენტში სრული „ბარდაგი“ გამოირიცხოს. არ ვფიქრობ, რომ ეს გრძელვადიანი სისტემური გადაწყვეტაა. მცირე პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ, მაინც დადგება დღის წესრიგში პოლიტიკური პარტიების გამსხვილების საჭიროება, თუმცა „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ არსებული მონოპოლია შეიცვლება. საერთო ჯამში კარგია, რადგან ახალი სახეების გაჩენის, მეტი არჩევანის საშუალებას გააჩენს. ამას გარდა, 0% ბარიერის შემთხვევაში, ფინანსური რესურსის გათვალიწინებით, „ოცნებას“ არ გაუჭირდება უმრავლესობის მოპოვება, რადგან ახლა ფორმულა - ერთი ყველას წინააღმდეგ- შეიცვლება ფორმულით - ყველა თავისთვის - რაც ბუნებრივია, აწყობს მმართველ პარტიას” - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.
Print