ახალი ამბები
დაკარგულ მოსწავლეებს ბორჯომში ამ დრომდე ეძებენ

22:00 საათის მდგომარეობით,დაკარგული მოსწავლეების ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.ამ დროის მანძილზე რამდენიმე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა მოსწავლეების ადგილსამყოფელთან დაკავშირებით,თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ მოსწავლეები ჯერ არ უპოვიათ და  მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.ამ დროისთვის მშობლები,მასწავლებლები და დაკარგული მოსწავლეების მეგობრები ქალაქის ცენტრში პოლიციასთან არიან შეკრებილი და ახალ ამბებს ელიან. აქ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური რამდენჯერმე გამოიძახეს.

შეგახსენებთ,რომ მოსწავლეები, დილით, სახლიდან გავიდნენ და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობია. გოგონები სკოლაში დღეს არ მისულან. გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში, ერთ-ერთ ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში,გოგონების კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური იპოვეს.
"პოლიციამ, ბორჯომში, 2 არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მიიღო. სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები"- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


Print