ახალი ამბები
ბორჯომში საპენსიო ასაკის 56-მა პედაგოგმა მასწავლებელთა ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვა
ბორჯომის N3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლუიზა ხრიკაძე, ერთ-ერთია იმ საპენსიო ასაკის 56 პედაგოგს შორის,რომელთაც გადაწყვიტეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯილდო მიიღონ, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მათი ღვაწლის დაფასებას გულისხმობს.მასწავლებელთა ჯილდოს მისაღებად  პედაგოგებმა განაცხადი უკვე გააკეთეს.სახელმწიფო, სქემიდან გასულ ღვაწლმოსილ მასწავლებლებს ფულად ჯილდოს ხელფასის ორი წლის ჯამური ოდენობით და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს სთავაზობს.

როგორც ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი იზოლდა ლომიძე აცხადებს,  პედაგოგების განაცხადების მიღება მაისში დასრულდა,თუმცა სახელმწიფო მეორე შანსს აძლევს იმ საპენსიო ასაკის პედაგოგებს,რომლებიც სკოლის დატოვებას მომავალში გადაწყვეტენ.პრაქტიკოსი, საპენსიო ასაკის მასწავლებელი, სტატუსის ამაღლების 2 წარუმატებელი მცდელობის შემდეგაც, პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში, ისარგებლებს პრივილეგიით, მიიღებს ფულად ჯილდოსა და დაზღვევას.

შეგახსენებთ,რომ საპენსიო ასაკს მიღწეული პედაგოგების ღვაწლის დაფასებისა და ჯილდოს გადაცემის შესახებ ცნობილი 13 მაისს გახდა,განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა,რომ ეს საკითხი განათლების რეფორმის შემადგენელი ნაწილია.


Print