ახალი ამბები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები საჯარო დაწესებულებებში
საჯარო დაწესებულებებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების დანიშვნა მოუწევთ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტით შემოდის და ერთ-ერთი მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს.

პროექტის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულება (გარდა რელიგიური და პოლიტიკური ორგანიზაციებისა), სადაზღვევო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო ბიურო, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, ავიაკომპანია, აეროპორტი და ის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მომსახურებას უწევს წელიწადში არანაკლებ 10000 მონაცემთა სუბიექტს, ასევე, ის მონაცემთა დამმუშავებელი/უფლებამოსილი პირი, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს, ვალდებულნი გახდებიან დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციად განისაზღვრება - მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებზე რეაგირება; მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობას სამსახურთან ურთიერთობაში, სახელმწიფო ინსპექტორის ან მისი სამსახურის მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენის უზრუნველყოფა და სახელმწიფო ინსპექტორის დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; ასევე მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში, მისთვის ინფორმაციის მიწოდება მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ.

პროექტი პარლამენტის ბიუროს 27 მაისის სხდომაზე წარედგინება.
Print