ახალი ამბები
ქალისა და კაცის არათანაბარი ანაზღაურების საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება
ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა. ცქიტიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ქალისა და კაცის ანაზღაურებას შორის 40%-იანი სხვაობაა საქართველოში და ამ კუთხით სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით.

მისი თქმით, პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა თანაბარი ანაზღაურების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაა და კანონში მსგავსი ჩანაწერი მას შემდეგ გაჩნდება, რაც დასრულდება კვლევა, რომელიც არათანაბარი ანაზღაურების მიზეზებს სწავლობს.

„პრობლემის გადასაჭრელად ერთი მიდგომაა, რომ საკანონმდებლო დონეზე თანაბარი ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება კანონში ჩაიწეროს, თუმცა, მხოლოდ ჩანაწერი პრობლემას ბოლომდე ვერ მოაგვარებს. მიმდინარეობს კვლევები იმისთვის, რომ ზუსტად განისაზღვროს რომელ სექტორებში და რა მიზეზებითაა განსხვავებები და ამის შემდეგ შევძლებთ, როგორც ადმინისტრაციული, ისე საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმას, თუმცა კვლავ დარჩება კულტურული ასპეტები, ტრადიციულად ქალის და კაცის სამუშაოებად დაყოფა, რაც ასევე ეტაპობრივად უნდა შეიცვალოს. საჭიროა არა დეკლარირებულად, არამედ რეალურად აღმოიფხვრას ეს პრობლემა" - განაცხადა ცქიტიშვილმა.
Print