ახალი ამბები
საფოსტო გზავნილებზე განბაჟების ლიმიტი შესაძლოა, 500 ლარამდე გაიზარდოს

საფოსტო გზავნილით მიღებული საქონლის განბაჟების 300 ლარიანი ლიმიტი შესაძლოა, 500 ლარამდე გაიზარდოს.


საქართველოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საფოსტო გზავნილებზე განბაჟების ლიმიტის გაზრდაზე ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 

არსებული კანონმდებლობით, თუ გამოწერილი საქონლის ღირებულება 300 ლარს აღემატება, ის განბაჟებას ექვემდებარება.

„კანონპროექტის მიზეზს წარმოადგენს იმ ფიზიკური პირებისათვის ხელის შეწყობა, რომლებსაც იგივე ფასის და ოდენობის საქონლის გამოწერის შემთხვევაში კურსთა სხვაობის გამო საფოსტო გზავნილებით მიღებულ საქონელზე უწევთ განბაჟება. კანონპროექტის მიღება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების წინაპირობაა, რადგან ფიზიკურ პირებს საშუალება ეძლევათ დაუბეგრავი თანხები მიმართონ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში.

კანონპროექტის მიზანია არსებულის საგადასახადო შეღავათის 300 ლარიანი ლიმიტის იმ ოდენობამდე გაზრდა (500 ლარამდე), რაც ვალუტის კურსის გაუფასურებამდე უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარებში) იყო გამოსახული.“ - წერია განმარტებით ბარათში.

ცნობისათვის, საფოსტო გზავნილებზე განბაჟების 300-ლარიანი ზღვარი 2009 წლიდან მოქმედებს. მოქმედი კანონმდებლობით, საფოსტო გზავნილები, რომლის ღირებულებაც 300 ლარზე ნაკლებია და წონა არ აღემატება 30 კილოს, დაუბეგრავია. რაც შეეხება საფოსტო გზავნილებს, რომლის ღირებულება აღემატება 300 ლარს ან რომლის წონა აღემატება 30 კილოს – იბეგრება მისი ღირებულების 18%-ით. აღნიშნული ზღვარის 500 ლარამდე გაზრდის ინიციატივა პარლამენტს „ევროპულმა საქართველომ“ გასულ წელსაც წარუდგინა, თუმცა მაშინ ამან მოწონება არ დაიმსახურა და დეპუტატებმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

 

Print