ახალი ამბები
„ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ არ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო " - ილია მეორე
ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას განაცხადა. უწმინდესმა მრევლს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პატრიარქის თქმით, დღეს არის განსაკუთრებული დღე, რომელიც აღემატება ისტორიულ თარიღს.

„ჩვენ ქედსა და მუხლს ვიყრით იმ ჩვენი წინაპრების წინაშე, რომელთაც იღვაწეს ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ეს იყო კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე და მრავალი სხვა" - განაცხადა უწმინდესმა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიიგან ვახტანგ გორგასლის დროს, მე-5 საუკუნეში მიიღო. პირველი კათოლიკოსი კი პეტრე იყო და შემდგომ საქართველო საუკუნეების განმავლობაში იცავდა ეკლესიის ავტოკეფალიას. პატრიარქის თქმით, 1500 წელი დასჭირდა, რომ კონსტანტინეპოლის მაშინდელ მსოფლიო პატრიარქს ეცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.


Print