ახალი ამბები
დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით 328 მილიონია გამოყოფილი
ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1.9 მილიარდ ლარამდე ესაჭიროება  - ამის შესახებ . საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა , დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, 2012 წლიდან ბიუჯეტის ზრდა ამ მიმართულებით, ყოველწლიურად მიმდინარეობს. 2012 წელს ეს იყო 28 მილიონი ლარი, 2018 წელს კი, თანხამ 135 მილიონი ლარი შეადგინა. 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 328 მილიონია გამოყოფილი. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

დავით სერგეენკოს თქმით, ბიუჯეტის მკვეთრი ზრდის ტენდენციის მიუხედავად, ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1.9 მილიარდ ლარამდე ესაჭიროება. იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ხდება. თითოეულ დევნილ ოჯახს ენიჭება ქულა, რაც საცხოვრებელი ფართის გადაცემის რიგითობას განსაზღვრავს.დევნილებს ქულები ენიჭებათ, თუ ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ჰყავს ორი ან მეტი არასრულწლოვანი წევრი, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან ონკოლოგიური ავადმყოფი და სხვა. ქულები ასევე ენიჭება, დევნილ ოჯახს, რომლის წევრიც გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ან ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ქულა ენიჭება ოჯახს, რომლის წევრიც არის ომი ვეტერანი.

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა არსებული მიდგომის გასაფართოებლად, დიალოგისა და კრიტერიუმების გადახედვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
Print