ახალი ამბები
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაციის ვადა გადაიწევს
ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ თარიღის გადაწევის მიზეზი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი სიახლეებია.

ამასთან, სოფო გორგოძის ცნობით, შესაძლოა, მასწავლებლებს გამოცდაზე რეგისტრაციისთვის უფრო შემჭიდროვებული ვადები ჰქონდეთ.

„მასწავლებლების გამოცდისთვის რეგისტრაცია ცოტათი გადაიწევს, დღეს რეგისტრაცია არ იწყება. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი გეგმავს ცვლილებებს სქემაში. შესაბამისად, როგორც კი ცვლილებები გამოცხადდება, პარალელურად დავიწყებთ რეგისტრაციის პროცესს. ეს არ ნიშნავს, რომ გამოცდები არ იქნება. თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ მასწავლებელთა გამოცდები ისევ ზაფხულში ჩავატაროთ, მაშინ რეგისტრაციის ვადები ცოტა შემჭიდროვდება. ეს დამოკიდებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მოთხოვნაზე, ისინი დაგვიკვეთავენ გამოცდებს. მე როგორც ვიცი, გამოცდების ჩატარება ზაფხულში იგეგმება“ - განაცხადა გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია 5 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა, გამოცდები კი ივლისის თვეში ჩატარდა.
Print