ახალი ამბები
საგარეო საქმეთა მინისტრი ბაკურიანს ესტუმრა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, დღეს ,ბაკურიანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ჩატარდა.მინისტრი, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებით დაინტერესდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. შეხვედრას, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბაკურიანში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამართულ კრებაზე, მოსახლეობის მიერ სხვადასხვა პრობლემები გამოიკვეთა,თუმცა ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტად სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია დასახელდა.პროექტის განხორციელება 40 000 ლარი დაჯდება, აქედან 20 000 ლარს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ფარავს,თანხის დარჩენილ ნაწილს კი ბორჯომის მუნიციპალიტეტი თანადაფინანსების გზით გამოყოფს.

მინისტრთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,ადგილობრივებმა პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები დასვეს და მინისტრისა და სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის პასუხები მოისმინეს.


შეგახსენებთ,რომ 2019 წლის 1 იანვრიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ განახლებული სახით დაიწყო.განსახორციელებელი პროექტების შერჩევა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, სოფლის კრებებზე ხდება.


Print