ახალი ამბები
შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა დაჯარიმდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, 14 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს.სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

უფრო კონკრეტულად, სანქციები სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის შემდეგი სახისაა:

• სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა 500 ლარის ოდენობით; იმავე ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა 1000 ლარის ოდენობით;
• შიდახანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებისთვის სახანძრო უსაფრთხოების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით;
• საევაკუაციო და ავარიული გასასვლელების, ხანძრის ავტომატური ქრობისა და სახანძრო სიგნალიზაციის არქონა 1000 – 5000 ლარამდე;
• შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისთვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით;
• კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესებისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა 5000 – 10 000 ლარამდე;
• სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა 1000 ლარის ოდენობით;
• საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა 3000 ლარის ოდენობით;
• წყალსადენის ქსელის მფლობელის ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ სახანძრო ჰიდრატების მოვლა-პატრონობისთვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა 3000 – 5 000 ლარამდე;
• საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ხელის შეშლა 1000 ლარის ოდენობით.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება.ამასთან, სამსახური უფლებამოსილია, კრიტიკულად შეუსაბამო პირობების
შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება.


Print