ახალი ამბები
გაზის დანადგარის ხელმეორედ, თვითნებურად დამონტაჟება დაჯარიმდება
„იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ბინაში გაზის დანადგარი უსაფრთხოების ნორმების დარღვევებითაა დამონტაჟებული, ჩაიჭრება და თუკი აბონენტი ქსელს თვითნებურად, ხელახლა მიაერთებს, სავარაუდოდ, 100 ლარით დაჯარიმდება“- ამის შესახებ  სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯერ ისევ სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, აბონენტს ჯერ გაფრთხილება მიეცემა, თუ პირდაპირ დაჯარიმდება.

„დღეის მდგომარეობით ერთადერთი, რაც „ყაზტრანსგაზს“ შეუძლია, არის ის, რომ როდესაც მათმა წარმომადგენელმა გაზის დანადგარის არასწორად დამოტაჟების ფაქტი ნახა, ქსელი ჩაჭრა, შეადგინა სპეციალური აქტი და გაფრთხილება მისცა. სამწუხაროდ, ეს დანადგარი აბონენტმა თვინებურად ჩართო და დადგა ის შედეგი, რაც ვნახეთ (ისანში 7 ადამიანი მხუთავი აირით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა).თვითონ „ყაზტრანსგაზი“ ძალიან ხშირად ითხოვდა, რომ ჩაჭრილი გაზის დანადგარის თვითნებურად მიერთებაზე გამკაცრებულიყო ადმინისტრაციული სახდელები. ეს არ არის კომისიის კომპეტენცია, მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე დაწყებული გვქონდა მუშაობა, რათა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეგვეტანა ცვლილება და მსგავს შემთხვევებზე ჯარიმა დაგვეკისრებინა. მაშინ საკითხი ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, მაგრამ ახლა ხელახლა წამოვწიეთ და ვფიქრობთ, რომ აუცილებელია სანქციების გამკაცრება. ჯარიმა იქნება 100 ლარის ოდენობით, რომელიც გადაიხდება არა კომპანიის, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ეს იქნება ერთგვარი ფინანსური დასჯის მექანიზმი. თუმცა ჯერ ისევ სამუშაო პროცესია და გადაწყვეტილი არ არის აბონენტს პირდაპირ ჯარიმა დაეკისრება, თუ ჯერ გაფრთხილება მიეცემა“- განაცხადა ირინა მილორავამ.
შეგახსენებთ, 2018 წელს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. როგორც „ყაზტრანსგაზში“ აცხადებენ, ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთების შემთხვევები კვლავ დახვდათ.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მხოლოდ ერთი თვის, იანვრის სტატისტიკას, კომპანიამ სხვადასხვა უბანში, 2381 კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრა.
Print