სამუშაოს მაძიებელ პირთა გადამზადებისთვის 2 090 000 ლარი დაიხარჯება
აღნიშნულის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამუშაოს მაძიებელთა
პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების
სახელმწიფო პროგრამაშია აღნიშნული.
პროგრამის განმახორციელებელი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული
სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო მიმწოდებელი − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებები და პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები (რომელსაც ავტორიზაციის
ვადა ეწურება 2019 წლის შემდგომ) (დამოუკიდებლად ან პარტნიორ
ორგანიზაციასთან/დამსაქმებელთან ერთად) იქნება.
მთავრობის მიერ დამტკიცებული წესით, პროგრამის ხანგრძლივობა 2-დან 4
თვემდე ხანგრძლივობის იქნება, რომელიც შემუშავებულია მოთხოვნადი
პროფესიების შესაბამისად და ხორციელდება მიმწოდებლის მიერ.
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 16 წლის ზემოთ შრომითი
ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები (გარდა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ჩარიცხული მოსწავლეებისა) საქართველოში მუდმივი
ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან
სისტემა − www.worknet.gov.ge-ზე და თანახმა არიან გაიარონ
მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა ან/და
სტაჟირება.
როგორც მთავრობის მიერ დამტკიცებულ წესშია აღნიშნული, მოკლევადიანი
პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის დაფინანსების საშუალება
იქნება ვაუჩერი, რომელიც მომსახურების მიღების მიზნით, მოსარგებლის
მიერ მიმწოდებელს წარედგინება. ვაუჩერის მაქსიმალური ღირებულება
განისაზღვრება 1 000 ლარით და ამასთან, არ აღემატება იმავე
საგანმანათლებლო დაწესებულებაში, იმავე პროფესიის გრძელვადიან კურსზე
განსაზღვრულ ღირებულებას.