ახალი ამბები
NDI-ის კვლევა: მოქალაქეები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში რწმენას კარგავენ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 92 პროცენტი მიიჩნევს, რომ დემოკრატიაში ცხოვრება მნიშვნელოვანია და ფიქრობს, რომ დასავლური ტიპის დემოკრატია საქართველოსთვისთვის მმართველობის საუკეთესო ფორმაა. თუმცა მხოლოდ 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს დემოკრატიაა; დანარჩენი 46 პროცენტის აზრით, საქართველო არ არის დემოკრატია, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ კუთხით ყველაზე უარყოფითი შედეგი თბილისში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის 53 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არ არის დემოკრატია. უფროსი ასაკის მოქალაქეების 53 პროცენტიც ასე ფიქრობს.მოქალაქეები ასევე მიიჩნევენ, რომ მათ მთავრობის გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვთ. ასე მაგალითად: 36 პროცენტის აზრით, მათ მთავრობის გადაწყვეტილებებზე საერთოდ არ აქვთ გავლენა, 14 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მათ მცირე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

გამოკითხვის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები მაღალი აქტივობითა და ენთუზიაზმით ხასიათდებოდა. არჩევნების პირველ ტურში მოსახლეობის 69 პროცენტმა, მეორე ტურში კი 76 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა ეს აქტივობა თბილისსა და ახალგაზრდების (18-34) ასაკობრივ ჯგუფში შედარებით დაბალი იყო. უმრავლესობამ განაცხადა, რომ არჩევნების ორივე ტურში კმაყოფილი იყო მის მიერ გაკეთებული არჩევანით და გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ უფრო გააკეთა (66 პროცენტი), ვიდრე ვინმეს საწინააღმდეგოდ (33 პროცენტი).რესპოდენტების შეფასებით, არჩევნების დღეს მათი საარჩევნო უბანი მოწესრიგებული იყო, არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულნი და სიტუაციაშემავიწროებელი არ ყოფილა. მოსახლეობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა "კარგად" (41 პროცენტი) ან "საშუალოდ" (34 პროცენტი) შეაფასა. ამის მიუხედავად,მოსახლეობის მესამედი არ არის დარწმუნებული, რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა.
მოქალაქეთა უმრავლესობას (85 პროცენტი) კვლავ სურს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიოს.
"მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას დემოკრატია ქვეყნის მმართველობის საუკეთესო ფორმად მიაჩნია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა იმ ადიამიანების რიცხვმა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო არ არის დემოკრატია," - განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა. "აუცილებელია დროული ზომების გატარება, რათა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი ნდობა და მოქალაქეების ჩართულობა გაიზარდოს."

მთავრობის საქმიანობის შეფასებისას საზოგადოების აზრი ორად იყოფა: ნახევარი "ცუდად" აფასებს, 44 პროცენტი კი - "კარგად". ნეგატიური შეფასება ყველაზე მაღალი თბილისშია (60 პროცენტი). პარლამენტს კიდევ უფრო უარყოფითად აფასებენ: უმრავლესობა ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო ძირითადად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული (71 პროცენტი), რომ პარლამენტმა ვერ შეძლო მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების წინ წამოწევა (55 პროცენტი), რომ ის არ არის ორგანიზებული და ეფექტური (57 პროცენტი) და ვერ შეძლო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოძიება (63 პროცენტი). მოსახლეობა ასევე მიიჩნევს, რომ პარლამენტარებს არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, ქვეყნისთვის ბევრს არ შრომობენ, ეთიკურად არ იქცევიან და არც მოქალაქეების ჩართულობაზე ზრუნავენ.მოსახლეობის მხოლოდ 28 პროცენტმა შეძლო საკუთარი მაჟორიტარის სწორად დასახელება. მოსახლეობა პოლიტიკურ პარტიებსაც დაბალ მხარდაჭერას უცხადებს. მოქალაქეების მხოლოდ 13 პროცენტი ფიქრობს, რომ პარტიები მათ ინტერესებს გამოხატავენ. ისინი ფიქრობენ, რომ პარტიები, ძირითადად, საკუთარი, დამფინანსებლების ან ლიდერების ინტერესებს ემსახურებიან. 27 პროცენტისთვის მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია "ქართული ოცნებაა", 12 პროცენტისთვის კი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". "ევროპული საქართველო" და "პატრიოტთა ალიანსი" 3-3 პროცენტმა დაასახელა.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მოსახლეობის 52 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" 24 პროცენტი მისცემდა ხმას,"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 11 პროცენტი, "პატრიოტთა ალიანსს" კი - 3 პროცენტი.მოსახლეობის უმეტესობას სჯერა, რომ კორუფცია ყველა სამთავრობო სტრუქტურაში(სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, პროკურატურა,სასამართლო, პარლამენტი და სამინისტროები) მეტ-ნაკლებად არის გავრცელებული.მოქალაქეები ყველა უწყებაში კორუფციის მთავარ ფორმად ნეპოტიზმს ასახელებენ. "მოქალაქეებში დემოკრატიისადმი რწმენის გასაძლიერებლად აუცილებელია სახელმწიფო  სტრუქტურებისადმი ნდობის გაზრდა" - განაცხადა თორნტონმა. "ჩვენი კვლევები უკვე წლებია აჩვენებს, რომ მოსახლეობა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებთან (სამუშაო ადგილები, სიღარები და ფასები ზრდა) მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავს. პარტიებმა დაპარლამენტმა ამ პრობლემების მოსაგვარებლად მეტი ძალისხმევა უნდა მიმართონ და ეფექტური გადაჭრის გზები შეიმუშაონ."

NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ,სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.