საზოგადოება
რეკომენდაციები გრიპის ვირუსის დროს
ბოლო მონაცემებით, H1N1 ვირუსით, იგივე ღორის გრიპით, საქართველოში 10 ადამიანი გარდაიცვალა.





10 რჩევა პაატა იმნაძისგან


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ პაციენტისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ვირუსით (H1N1 – H3N2) დაინფიცირდება – მთავარი პროფილაქტიკისა და მკურნალობის ზოგადი პრინციპების დაცვაა:

1. თუ ბავშვს ტემპერატურა 38, 5-ს ზემოთ აეწევა და ეს მდგომარეობა თუნდაც ერთი დღით გაგრძელდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. იგივე ეხებათ ორსულებსაც.

2. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ 38, 5 და მეტი ტემპერატურა სამი დღის განმავლობაში გრძელდება.

3. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ნახველში სისხლის ნაწილაკები გაჩნდება, თუნდაც მცირე რაოდენობით.

4. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ნახველში ჩირქს შენიშნავთ.

5. მიიღეთ ბევრი სითხე და ჯანსაღი საკვები

6. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობაში ანტივირუსული პრეპარატების ჩართვის გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს

7. ექიმის დანიშნულების გარეშე, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ანტიბიოტიკები, ისინი ვირუსის მკურნალობისას არაეფექტურია.

8. ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული გართულების შემთხვევაში ინიშნება

9. მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა:დაცემინებისა და ხველების დროს, ხელის ნაცვლად ავიფაროთ ხელსახოცი.

10. ხშირად დავიბანოთ ხელები.


პრეპარატი "ტამიფლუ"


გაზრდილი მოთხოვნის გამო ანტივირუსულ პრეპარატ ტამიფლუს დეფიციტი შეიქმნა. ჯანდაცვის სამინისტრომ აფთიაქებს მედიკამენტის დამატებითი მარაგი გადასცა. ტამიფლუ ოთხ სააფთიაქო ქსელში გაიყიდება: PSP, ავერსი, GPS და ფარმადეპო.

პრეპარატს უფასოდ მიიღებენ ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტით, ონკოლოგიური და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე მოქალაქეები. პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და წარადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა 100).

ჯანდაცვის სამინისტროს  ცხელი ხაზი 1505





Print