ხმაურთან დაკავშირებულ სამართალდარღვევაზე 11 თვეში 77 700 ლარის ჯარიმა დაიწერა
ხმაურის შესახებ კანონის დარღვევისთვის ჯარიმის სახით სახელმწიფო
ბიუჯეტში 11 თვეში დაახლოებით, 77 700 ლარი შევიდა.
მონაცემების მიხედვით, ხმაურთან დაკავშირებულ სამართალდარღვევაზე
სანქცია 133 ფიზიკურ და 98 იურიდიულ პირს დაეკისრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის
სტატისტიკური მონაცემები 2017 წლის 15 აგვისტოდან 2018 წლის 31
ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
შეგახსნებთ, ხმაურის შესახებ კანონზე რეგულაციები ძალაში 2017 წლის 15
აგვისტოდან შევიდა, რომლის თანახმადაც, 23:00 საათიდან დილის 8
საათამდე შეზღუდვები დაწესდა. ამ პერიოდში ბარებსა და რესტორნებში
ხმაური მხოლოდ 40 დეციბალამდეა დასაშვები. დღისით კი, ხმაური 38
დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისას დგება ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა. პირველ შემთხვევაზე - გაფრთხილება, ერთი წლის
განმავლობაში განმეორებაზე 150-ლარიანი, იურიდიული პირის
შემთხვევაში კი 500-ლარიანი ჯარიმა.