ახალი ამბები
ერთ მშვენიერ დღეს საქართველო ნატო-ს წევრი გახდება-პაოლო ალი
ერთ მშვენიერ დღეს საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, მანამდე კი უნდა გავაღრმავოთ თანამშრომლობა - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ ბათუმში როუზ-როსის 97-ე სემინარზე "საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტუკურ დღის წესრიგში" სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტნიორობა არ ნიშნავს წევრობას და რეფორმებია საჭირო.

„ჩვენ აღვნიშნავთ 10 წლის თანამშრომლობას. საპარლამენტო თანამშრომლობა გახდა ურთიერთობის მთავარი ნაწილი და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაღრმავოთ ეს ინტეგრაცია. 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს ნატო-მ მტკიცედ და ოპერატიულად განახორციელა რეაგირება და შესაბამისად, ჩამოყალიბდა ნატო-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეა. მინდა ხაზი გავუსვა სწორედ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას, როგორც ერთგვარ კოლეგიალურ თანამშრომლობას და მადლობა გადავუხადო ირაკლი სესიაშვილს, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას, დღევანდელი სემინარის ორგანიზებისთვის. 2018 წელი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როცა აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე. სამ წელიწადში მაშინ ახალგაზრდა რესპუბლიკამ საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია, თუმცა 1921 წელს წითელმა არმიამ გაანადგურა ევროპული პერსპექტივები. ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მანამდე კი უნდა გავაღრმავოთ თანამშრომლობა. პარტნიორობა არ ნიშნავს წევრობას და ამას სჭირდება რეფორმები. საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არის ევროპის უსაფრთხოების ნაწილი. რაც აქ მოხდება, აუცილებლად აისახება ევროპაზე. გვინდა ვიხილოთ ეს რეგიონი, როგორც თავისუფალი განვითარების რეგიონი. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ გაუგებრობის ფონზე, რომელიც რეგიონშია, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები, ანექსირებულია ყირიმი, რთულია ვითარება უკრაინაში. რუსეთი იბრძვის, რომ გაიმყაროს პოზიციები სირიაში, სადაც პირდაპირ მუშაობს ასადის რეჟიმთან. ალიანსის წინაშე დგას დიდი ამოცანა სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შენარჩუნების თვალსაზრისით. საქართველო არის არაჩვეულებრივი მაგალითი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის. ეს ინტეგრაცია არის ტრანსფორმაციის საშუალება - დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გარანტი. ვიცით, რამდენად მონდომებულია საქართველოს რომ მიაღწიოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ნატო-მ, ევროკავშირმა და საქართველომ ერთად უნდა იზრუნონ, რომ შეინარჩუნონ ეს დინამიკა"- განაცხადა პაოლი ალიმ.
Print