ახალი ამბები
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 22 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ 26 დაწესებულებასა და მათ ფილიალებში,სადაც განათლების მიღება სახელმწიფოს სრული დაფინანსებითაა შესაძლებელი, 22 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

აღნიშნული დაწესებულებები 200-ზე მეტ ისეთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობენ საზოგადოებას, რომლებიც ბიზნესის ჩართულობითაა შექმნილი და მთლიანად მორგებულია შრომის ბაზრის მოთხოვნებს. აღნიშნული პროგრამებიდან 18 დუალური მიდგომით ხორციელდება, რაც სწავლების უმეტესი ნაწილის კომპანიებში განხორციელებას გულისხმობს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განმარტებით, დუალური სწავლება არის სამუშაოზე დაფუძნებული და ის უმოკლესი გზაა დასაქმებისათვის. დუალური სწავლების მიდგომით დღეისათვის შესაძლებელია სხვადასხვა პროფესიის დაუფლება სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სარესტორნო და სასტუმრო მომსახურეობის მიმართულებით.

როგორც ცენტრში აცხადებენ, წელს საგაზაფხულო მიღებაზე დუალური მიდგომით პირველადაა შეთავაზებული სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულების მოთხოვნადი პროფესიების დაუფლების შესაძლებლობა. მიმდინარე წლის საშემოდგომო მიღებისათვის აღნიშნულ ჩამონათვალს სამშენებლო მიმართულების პროგრამებიც დაემატება.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში, ასევე ინტერნეტის საშუალებით, მისამართზე - vet.emis.ge.



Print