პრეზიდენტი 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს
პრეზიდენტი "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით
განცხადებას გააკეთებს. კერძოდ, ცნობილი გახდება გიორგი მარგველაშვილი
ცვლილებათა პაკეტს ვეტოს დაადებს, თუ ხელს მოაწერს.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ტელევიზიების
წარმომადგენლები, ასევე, მედიაექსპერტები პრეზიდენტს აღნიშნულ
კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ, თუმცა პრეზიდენტის
ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რა გადაწყვეტილებას
მიიღებს გიორგი მარგველაშვილი.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო
ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და
შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების
წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური
განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების
ხელშეწყობაზე მიმართოს. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში
დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.
გარდა ამისა, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონი არ გავრცელდება
დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ
პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ
25% დაეთმობა. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონით დადგენილი
შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით
გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების
მომსახურების შესყიდვაზე.