სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გახდა
პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი აირჩია. ომბუდსმენის თანამდებობა
5-წლის ვადით ნინო ლომჯარიამ დაიკავა, რომელიც პარლამენტს
უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა შესთავაზეს.
ლომჯარიას არჩევა 96 ხმით, 5-ის წინააღმდეგ მოხდა.
ძალიან ემოციური მომენტია ჩემთვის, იმიტომ, რომ ალბათ, არ არსებობს
იმაზე დიდი პატივი ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, რომ იყოს
საქართველოს სახალხო დამცველი - ამის შესახებ სახალხო დამცველის
პოსტზე არჩეულმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის ძალიან დიდი პასუხიმგებლობა, რადგან იგრძნო
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა
მმართველ გუნდს და სხვა პოლიტიკურ ძალებს მისთვის ნდობის
გამოცხადებისთვის
"ამხელა მხარდაჭერის მაჩვენებელი ჩემთვის სიმართლე გითხრათ,
მოულოდნელი იყო კრიტიკული შეფასებები ფონზე. მე მზად ვარ, რომ ყველა
ადამიანთან, ვისაც კითხვები ჰქონდა, ვითანამშრომლო, მოვუსმინო მათ
პრეტენზიებს და ვუპასუხო. მე შევუდგები საქმიანობას მას შემდეგ, რაც
მოქმედ სახალხო დამცველს ამოეწურება უფლებამოსილების ვადა. პირველი
რაც იქნება, გავეცნობი არსებულ ვითარებას აპარატში. მოვუწოდებ ყველას,
იყვნენ მაქსიმალურ კონტაქტზე სახალხო დამცველთან. მე ვიქნები ძალიან
გახსნილი მათთან. ძირეული ცვლილებები იქნება თუ არა, ამაზე მას შემდგე
ვისაუბრებ, რაც მივალ აპარატში და გავეცნობი მდგომარეობას. ყველაფერი
გაკეთდება იმისთვის, რომ პროფესიონალიზმი იყოს წინა პლანზე"-
განაცხადა ლომჯარიამ.