ახალი ამბები
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა.სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს, სოჭში "ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ" დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა.ამ დღეს სეპარატისტებმა ფართომასშტაბიანი საჰაერო,საზღვაო და სახმელეთო იერიში მიიტანეს სოხუმზე. საქართველოს კი, შეთანხმების თანახმად, ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი ჰყავდა.მასობრივ შემოტევას ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს. ქალაქი საბოლოოდ დაეცა. 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერს – ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს – გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.სწორედ ამ დღეს დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი.აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას 14 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი უსახლკაროდ დარჩა.
Print