ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში მოსულმა სეტყვამ
ნათესები, ნარგავები და ხეხილი გაანადგურა.
მძიმე მდგომარეობაა ახალციხის სოფელ ხეოთში, სადაც სტიქიამ მარცვლეული
კულტურებისა და ხეხილის გარდა, საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა.
გამგეობის ინფორმაციით, 12 ოჯახს წვიმის წყალი შენობებში ჩაუვიდა.
მათგან ყველაზე მეტად ორი ადგილობრივის სახლია დაზიანებული.
სეტყვა მოვიდა ადიგენის სოფლებში: ბენარაში, უნწაში, შოლავერსა და
ვარხანში. ნიაღვარმა ცენტრალურ გზაზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა. გამგეობაში
განმარტავენ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ზიანი არ
ფიქსირდება.
რაც შეეხება ასპინძას, სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ზველსა
და ჭობარეთში დააზიანა. გამგებლის ლევან ცაბაძის თქმით, არ ფიქსირდება
ინფრასტრუქტურული ზიანი.
მდგომარეობის შესასწავლად დასეტყვილ სოფლებში ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები დღესვე იმყოფებოდნენ. სტიქიისგან
მიყენებულ ზიანს სპეციალური კომისია ხვალ შეისწავლის.