ახალციხე–ბათუმის გზის მშენებლობაზე დასაქმებულები აქციას მართავენ
ვალე–აბასთუმნის გზაჯვარედინზე 30–მდე ადამიანი საპროტესტო აქციას
მართავს.
ინფორმაციას ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ავრცელებს.
ახალციხე–ბათუმის საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებულები
კომპანიისგან სამი თვის ანაზღაურების მიღებას ითხოვენ. აქციის
მონაწილეები ამბობენ, რომ დამსაქმებელმა რვა თვის განმავლობაში
ხელფასის ჩარიცხვა რამდენჯერმე დააგვიანა, სამი თვის ანაზღაურება კი
ამ დრომდე არ მიუღიათ. როგორც დასაქმებულები ირწმუნებიან, კომპანია
კუთვნილი თანხის მიღებას ჰპირდება, თუმცა ანაზღაურება ამ დრომდე არ
ჩარიცხვიათ.
"სექტემბრიდან დავიწყე მუშაობა, ერთი თვის ხელფასი მოგვცეს თავიდან.
მერე ოქტომბრიდან დეკემბრამდე აღარ მოუციათ. გვპირდებოდნენ დღეს
ჩაირიცხება, ხვალ ჩაირიცხება. იმის შემდეგ გავიდა ამდენი ხანი და ჯერ
კიდევ არ დაურიცხავთ. ყველას პროცენტიანი კრედიტები გვაქვს აღებული.
საქონელი გამოვიყვანე და გავყიდე, რომ ბანკში სესხის პროცენტი
დამეფარა" – აცხადებს გზის რეაილიტაციაზე დასაქმებული ანდრია
ნატრიაშვილი.
რვაკილომეტრნახევრიანი მონაკვეთის დასრულებამდე, დაახლოებით ერთი
კილომეტრია დარჩენილი. თანამშრომლები დღეს სამუშაოდ აღარ გავიდნენ.
ფიქრობენ, რომ თუ დარჩენილ მონაკვეთს დაასრულებენ, კომპანია კუთვნილ
ანაზღაურებას სართოდ აღარ ჩაურიცხავს. მათივე თქმით, სანამ სამი თვის
ხელფასები არ დაერიცხებათ სამუშაოს არ გააგრძელებენ.
ახალციხე–ბათუმის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2016 წლის მაისში
დაიწყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით,
სამუშაოებს კომპანია "ჩელიაბინსტრანსიგნალი" ახორციელებს. კომპანიის
წარმომადგენელი კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.