გიორგი კვირიკაშვილი ტენდერებთან დაკავშირებით გამგებლებს აფრთხილებს
როგორც პრემიერმა განაცხადა, უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა,
როცა სახელმწიფოს მიერ გადახდილი ფულით კომპანია ახორციელებს ტენდერს
და დასაქმებულ ადამიანს ხელფასს დროულად არ უხდის.
მთავრობის მეთაურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრ ზურაბ ალავიძეს აღნიშნულ საკითხზე კონტროლი დაავალა.
„ბოლო პერიოდში რამდენიმე, საკმაოდ უარყოფითი პრეცედენტი დაფიქსირდა.
მუნიციპალური ტენდერების შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ფულით
კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს, უგვიანებენ ხელფასებს
თანამშრომლებს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა. მე მინდა
გთხოვოთ ბატონო ზურაბ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდეს
კონტროლი ამ თვალსაზრისით, რომ თუკი სადმე არის ამგვარი პრაქტიკა,
რეაგირება იყოს უმკაცრესი. სახელმწიფო ფულით კომპანია ახორციელებდეს
პროექტს და სამი თვის განმავლობაში ხელფასს არ უხდიდეს თანამშრომლებს,
ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი უპასუხისმგებლობა. თუ სადმე ამგვარი
პრეცედენტები დაფიქსირდება, იყოს უმკაცრესი რეაგირება, როგორც ამ
კომპანიების შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. ასევე მინდა
სამართალდამცველებსაც ვთხოვო, რომ ამ მიმართულებით რეაგირება იყოს
უმკაცრესი, ვინაიდან ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც სახელმწიფო
დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობენ, დროულად მიიღონ
ხელფასი. ეს არის ელემენტარული რამ და იმ მუნიციპალიტეტების
ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომლებიც ამ პროექტს ახორციელებენ,
დაეკისრებათ უმკაცრესი პასუხისმგებლობა, თუ ასეთი პრეცედენტები მათ
რაიონებში დაფიქსირდება. მინდა გავაფრთხილო ძალიან მკაცრად ყველა“, -
განაცხადა პრემიერმა.