ახალი ამბები
ბელარუსისა და საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
23 თებერვალს, საქართველოში ვიზიტად მყოფმა, ბელარუსის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ იური სენკომ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა ხელი მოაწერეს ოქმს - ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის მიმართ, საბაჟო სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთანამშრომლობის შესახებ. ამასთან, გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის, კადრების მომზადების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიამდე, ბელარუსის საბაჟო ადმინისტრაციის დელეგაციის წევრებსა და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობას შორის, შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის ჭრილში, საბაჟო ადმინისტრაციების თანამშრომლობისა და ამ მხრივ, ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფის საკითხებზე. "ინფორმაციის დამუშავება და ეფექტური გაცვლა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის, უმიშვნელოვანესი პირობაა" - შეხვედრაზე განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა. "საქართველოსა და ბელარუსს შორის სულ უფრო იზრდება ტვირთბრუნვა. პარალელურად კი იკვეთება საკითხები, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ზრდის ტენდენციაზე. ამიტომაც, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა" - აღნიშნა ბელარუსის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ იური სენკომ. ბელარუსის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის დელეგაციის წევრებმა, ვიზიტის ფარგლებში, დაათვალიერეს გაფორმების ეკონომიკური ზონა, გეზი "თბილისი" და საბაჟო გამშვები პუნქტი "წითელი ხიდი" .
Print