ახალი ამბები
ბაკურიანში სამძებრო სამუშაოებს ახალციხიდან მაშველები შეუერთდნენ
ბაკურიანში მერის წარმომადგენლის ქეთევან ლონდარიძის განცხადებით, ზვავში მოყოლილი კაცის სამძებრო სამუშაოებში მთლიანობაში 70-მდე ადამიანია ადგილზე მობილიზებული. მათ შორის არიან ადგილობრივებიც. ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ნუგზარ ქუთათელაძის თქმით, სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და პროცესში ადგილობრივები ბურანებით ჩაერთნენ.


"ადგილზე მობილიზებულია 70-მდე ადამიანი. საკმაოდ დიდი მასაა ჩამოშლილი. როგორც მე მაქვს ინფორმაცია 150 მ სიგრძის და 50 მ სიგანის ფართობზეა საუბარი. მთიდან წამოსული ზვავი ხევშია ჩამოსული. მიმდებარედ არც ხეები არ იყო, რომ შეეჩერებინა ან ოდნავ შეეკავებინა. იმედი მაქვს, მალე მოხდება ზვავში მოყოლილი მოქალაქის პოვნა" - აცხადებს ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას ქეთევან ლონდარიძე.


"ახალციხიდან დაგვემატა 20 მეხანძრე-მაშველი და საერთო ჯამში 70-მდე ადამიანია ადგილზე მობილიზებული. მათთან ერთად, პროცესში ჩართულები არიან ადგილობრივებიც. ჯერ-ჯერობით ახალი არაფერია ამ დროისთვის" - ამბობს ნუგზარ ქუთათელაძე. 


შეგახსენებთ შემთხვევა გუშინ, 28 მარტს დღის პირველ ნახევარში მოხდა. ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, სოფლების - ოთას და ოშორას - მიმდებარედ , ექვსი ადამიანი იმყოფებოდა ბურანით. მათ ახლოს მდებარე მთაზე ისრიალეს, ერთ-ერთი მათგანი კი თოვლის მასის ჩამოშლის შემდეგ ზვავის ქვეშ მოჰყვა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მას შემდეგ მიმდინარეობს.
Print