ახალი ამბები
"სპეც ტექნიკა იქნებოდა კარგი, თუმცა რელიეფია რთული" - ბაკურიანის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე
ბაკურიანში ზვავში მოყოლილი კაცის ძებნა გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საჭიროების შემთხვევაში, პროცესში ჩართვის მზადყოფნაში არის 20-მდე ადგილობრივი. ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ნუგზარ ქუთათელაძის განცხადებით, ვერტმფრენმა 3 აფრენა უკვე შეასრულა. მისი თქმით, პროცესში სპეც ტექნიკის ჩართვა იქნებოდა კარგი, თუმცა რთული რელიეფის გამო შეუძლებელი ხდება მისი გამოყენება.

"კარგი იქნებოდა სპეც ტექნიკის გამოყენება, თუმცა რთული რელიეფიდან გამომდინარე შეუძლებელია ადგილზე მიდგომა და მისი პროცესში ჩართვა. 3-ჯერ უკვე აფრინდა ვერტმფრენი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ჩემი ინფორმაციით 50-მდე მაშველი, ვერტმფრენი და ასევე 20-მდე ადგილობრივია მობილიზებული ბურანებით. გადავიდნენ კიდეც ისინი და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ჩაერთონ პროცესში, თუმცა ზვავსაშიშროებიდან გამომდინარე, რამდენად მოხდება მათი ჩართვა, ვერ გეტყვით" - აცხადებს ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ ქუთათელაძე.

ნუგზარ ქუთათელაძე ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას აცხადებს, რომ გუშინ რამდენიმე მეგობარი ბურანებით იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.

"თვითმხილველებს ვესაუბრე და მითხრეს, რომ რამდენიმე მეგობარი ბურანებით იყვნენ სასეირნოდ გასულები. ზვავის ჩამოწოლის დროს, კი კაცი, რომელსაც ახლა ეძებენ მთის მაღლა იმყოფებოდა. დანარჩენები კი ქვემოთ იყვნენ" - გვიყვება ნუგზარ ქუთათელაძე.

შეგახსენებთ შემთხვევა გუშინ, 28 მარტს დღის პირველ ნახევარში მოხდა. ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, სოფლების - ოთას და ოშორას - მიმდებარედ , ექვსი ადამიანი იმყოფებოდა ბურანით. მათ ახლოს მდებარე მთაზე ისრიალეს, ერთ-ერთი მათგანი კი თოვლის მასის ჩამოშლის შემდეგ ზვავის ქვეშ მოჰყვა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მას შემდეგ მიმდინარეობს.
Print