საზოგადოება
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ბაზაში, 14 826 პირია დარეგისტრირებული
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 14 826 ფიზიკური პირი.

ბაზაში, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 48, ხოლო თავად პირის მომართვით — 14 778 განაცხადია რეგისტრირებული.
დეტალები: ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში ცვლილება 2022 წლის 1-ელი მარტიდან შევიდა. ცვლილებების მიხედვით, ამოქმედდა ელექტრონული ბაზა, რომელშიც შეიძლება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანები მოხვდნენ.

შემოსავლების სამსახურის მიხედვით, დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად.
რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში — 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ბოლო ხაზი: შემოსავლების სამსახურის მიხედვით, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში, რომელიც მოიცავს მოქალაქეებს, რომელთაც აკრძალული აქვთ აზარტული თამაშები, ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 503 989 პირის შესახებ მონაცემები.

წყარო: on.ge
Print