საზოგადოება
„ცოფით არ მოკვდებოდა, თუმცა კვლევას მაინც ჩავატარებთ“ - გორის თავშესაფარი ბორჯომიდან გადაყვანილ ძაღლზე
ბორჯომიდან გორის თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლი დღეს დილით გარდაიცვალა. შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ მართვის სააგენტოში პიტბულის გარდაცვალების მიზეზს ვერ ასახელებენ. სააგენტოს დირექტორი ბაქარ გიუნაშვილი ძაღლის ცოფით გარდაცვალებას გამორიცხავს, თუმცა ტელეკომპანია „ბორჯომთან“ აცხადებს, რომ ლაბორატორიული კვლევის ჩატარება ცოფთან დაკავშირებით მაინც მოხდება.


„ძაღლი კარგ პირობებში იმყოფებოდა. მოუვლელობისგან ან შიმშილისგან არ მომკვდარა. ცხოველთა მოყვარულებიც ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან და საკუთარი თვალით ხედავდნენ როგორ პირობებში იყო ცხოველი. სტერილიზაცია, ცოფზე ვაქცინაცია და ყველა სხვა პროცედურა ჩაუტარდა ძაღლს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. არც ჭირი და არც ენტერიტი არ აღენიშნებოდა. ცოფით არავითარ შემთხვევაში არ მოკვდებოდა, რადგან 10 დღიანი დაკვირვების პერიოდი დიდი ხნის გასულია. ამაზე სანერვიულო არ აქვთ იმ მშობლებს, რომელთა შვილებიც დაზიანდნენ ძაღლის გამო. როგორც მაქვს ინფორმაცია, ბავშვებსაც ჩაუტარდათ ანტირაბიული ვაქცინაცია და ამ კუთხით პრობლემა არ არსებობს. იმისათვის, რომ ყველა ეჭვი გამოირიცხოს, მაინც მოხდება ლაბორატორიული კვლევის ჩატარება ცოფთან დაკავშირებით. ხვალ, 11 მარტს ჩვენი მხრიდან გაიგზავნება ბიოლოგიური მასალა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. უწყება უკვე საქმის კურსშია და ძალიან მალე (სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში) გახდება ცნობილი კვლევის შედეგები“ - აცხადებს ბაქარ გიუნაშვილი შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ მართვის სააგენტოს დირექტორი.


ბაქარ გიუნაშვილის ვარაუდით პიტბულის გარდაცვალება შესაძლოა ვოლიერში გადაყვანამ და სტრესმა გამოიწვია. მისი თქმით, იყო საუბარი ძაღლის გაჩუქებაზე, თუმცა პროცესი გაჭიანურდა.


„ბოლო 2-3 დღის განმავლობაში ძაღლი იყო მოწყენილი. ზოგადად, პიტბულები ვერ იტანენ ვოლიერში მოთავსებას, ამან სავარაუდოდ გამოიწვია სტრესი. როდესაც 10 დღიანი დაკვირვების პერიოდი გაივლიდა, ძაღლი უნდა გაეჩუქებინათ. თავშესაფარში მოდიოდნენ ცხოველთა მოყვარულები, რომლებმაც გვითხრეს რომ უკვე შერჩეული იყო პატრონი და უნდა წაყვანათ, თუმცა პროცესი რატომღაც გაჭიანურდა. სამწუხაროდ, ძაღლი დღეს დილით გარდაიცვალა“ - გვპასუხობს ბაქარ გიუნაშვილი.


შეგახსენებთ, პიტბულის ჯიშის ძაღლი ბორჯომიდან გორის თავშესაფარში 19 თებერვალს გადაიყვანეს. ამ ამბავს წინ უძღვოდა სოციალურ ქსელში ადგილობრივების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლებიც წერდნენ რომ ძაღლმა მათი შვილი დაკბინა, შეაშინა და ა.შ. მომხმარებლების ნაწილმა ტელეკომპანია „ბორჯომს“ ამის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება სთხოვა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მუნიციპალიტეტის ჩარევით, ძაღლი გორის თავშესაფარში ბორჯომის ცენტრალური ქუჩიდან გადაიყვანეს. ბიტბული თავშესაფარში 21-ე დღეს გარდაიცვალა.




ამავე თემაზე:

„მედიკამენტოზური ჩარევა არ ხდება“ - როგორია ბორჯომიდან თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლის მდგომარეობა;

როგორია გორის თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლის მდგომარეობა მე-10 დღეს;




Print