ახალი ამბები
ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 25 209 მოქალაქემ მოითხოვა
2023 წელს ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 25 209 მოქალაქემ მოითხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას EU-ს თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტო ავრცელებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში ითხოვდნენ. კერძოდ, გერმანიაში სულ 9 194 ქართველის განაცხადი შევიდა, საფრანგეთში - 7 210, ხოლო იტალიაში - 3 105.

სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2022 წელთან შედარებით, რაოდენობა შემცირებულია. კერძოდ, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი 28 803-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა.

ცნობისთვის, 2023 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და 1.14 მლნ შეადგინა, რაც ბოლო 7 წელში რეკორდული მაჩვენებელია. ყველაზე მეტი განაცხადი ევროკავშირმა სირიისა და ავღანეთის მოქალაქეებისგან მიიღო. ამასთანავე, პალესტინის მოქალაქეებისგან მიღებული განაცხადების რაოდენობა წლის ბოლოს გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯამში ყველაზე მეტი მოთხოვნა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან კვლავ გერმანიაში შევიდა და 334 000 შეადგინა.



წყარო: bpn
Print