ახალი ამბები
დააკავეს ქალი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებს, გრანტის მიღების სანაცვლოდ 500 ლარს ახდევინებდა
ქალი, რომელიც სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ მოქალაქეებს 500 ლარის ნაცვლად „აწარმოე საქართველოს“პროექტში გრანტის მიღებას ჰპირდებოდა, დააკავეს. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 6 წლით და 6 თვით თავისუფლებით აღკვეთა მიესაჯა. დაზარალებულებს შორის არიან საჯარო მოხელეებიც.


„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ათობით მოქალაქეა დაზარალებული. როგორც ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, ბრალდებული მარინა ახალკაციშვილი მათ „აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლად გაეცნო და მცირე ბიზნესის წამოსაწყებად, გრანტის მიღებაში დახმარება შესთავაზა.

ბრალდებული სავარაუდოდ თბილისში ცხოვრობს.


მოქალაქეთა ნაწილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ისინი აღნიშნულ პიროვნებასთან, ადგილობრივმა თამარ ებრალიძემ დააკავშირა, რომელიც ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელია. ებრალიძე მსურველებს „აწარმოე საქართველოს“პროექტის დაწერაში ეხმარებოდა.

„მინდოდა მცირე საოჯახო ბიზნესი წამომეწყო, არაერთხელ გავაგზავნე განაცხადი, მაგრამ ვერ გავიმარჯვე. ბევრჯერ მსმენია, რომ ჩაწყობით ხდება რაღაცები, ამას ბევრი მტკიცება სჭირდება და ასე საჯაროდ არავინ ლაპარაკობს. სწორედ ამიტომ, როცა მითხრა თამარ ებრალიძემ, დავთანხმდი. თავადაც არანაკლებ დაზარალდა, არ იცოდა ის ქალი ვინ იყო. მე მიკვირს ეს შეცდომა როგორ დავუშვი, მაგრამ მე ვენდე თამარს. მას არ დაუძალებია, უბრალოდ მითხრა, 500 ლარის ნაცვლად ხდება ამ საქმის გაკეთებაო და იქნება რაიმე გამოვიდესო და ამიტომ დავთანხმდი“,– ამბობს ერთ–ერთი დაზარალებული, რომელიც ახალციხეში ცხოვრობს.

მისივე თქმით, იდეის და ბიზნეს გეგმის დაწერაში თამარ ებრალიძეს 200 ლარზე მეტი გადაუხდა, მარინა ახალკაციშვილს კი 500 ლარი.

დაზარებულს შორის არის, ვალეში მცხოვრები ნიკოლოზ სამარჯიშვილიც. როგორც იგი ამბობს, მარინა ახალკაციშვილს 500 ლარი თავად ჩაურიცხა.

„მე თავად მარინა დამიკავშირდა და მითხრა, რომ 500 ლარის სანაცვლოდ გაიმარჯვებდა ჩემი პროექტი. ვენდე იმიტომ, რომ მითხრა „აწარმო საქართველოს“ წარმომადგენელი ვარო, ეს ჩვეულებრივი მომენტი მეგონა. მობაილ ბანკის მეშვეობით გადავურიცხე 500 ლარი. მერე ბანკში, რომ „დამპატიჟა“ კონტრაქტზე ხელის მოსაწერად მაშინ მივხვდი, რომ ტყუილი იყო, რადგან არავინ მოსულა. მე სხვებისგან განსხვავებით ბანკში ერთხელ ჩამიყვანა, სხვები ორჯერაც იყვნენ“,– ამბობს ნიკოლოზ სამარჯიშვილი.

ერთ-ერთი დაზარალებული გვეუბნება, რომ მარინა ახალკაციშვილის წინააღმდეგ სასამართლოს ბორჯომში მცხოვრებმა ერთ–ერთმა დაზარალებულმა მიმართა. ამის შემდეგ დაიბარეს ყველა დაზარალებული გამოკითხვაზე და სასამართლოში.

„მაგ ქალს [მარინას] სხვა ქალაქებშიც გაუკეთებია მსგავსი რამ. აქ როგორც მე ვიცი ბორჯომელმა უჩივლა, მაგრამ ბოლომდე არ აღიარებდა დანაშაულს, ვფიქრობ მარტო ეგ არ იქნება ამ საქმებში“, –გვითხრა მან.

„სამხრეთის კარიბჭე“ ამ საქმეში კიდევ ორ დაზარალებულს დაუკავშირდა თუმცა საუბარი არ ისურვეს.

რაც შეეხება თამარ ებრალიძეს, მას ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მივაკითხეთ, თუმცა არ დაგვხვდა. რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხმალაძემ გვითხრა, რომ თამარი სამსახურში იმყოფებოდა, თავად კი აღნიშნულზე კომენტარი არ გააკეთა.

რედაქცია თამარ ებრალიძეს ტელეფონით ესაუბრა, მან განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მოქალაქეები მარინა ახალკაციშვილს თავისი ინიციატივით უკავშირდებოდნენ და რომ თავადაც დაზარალებულია:

„მე არავის დავკავშირებივარ, თვითონ უკავშირდებოდნენ [დაზარალებულები] [მარინა ახალკაციშვილს], ვისაც „აწარმოე საქართველოში“ გაგზავნილი განაცხადის გაპროტესტება უნდოდა. მარინა ამბობდა, რომ „აწარმოე საქართველოს“ თანამშრომელი იყო. მე გავიგე ინტერნეტით ერთ–ერთმა აპლიკანტმა მომწერა. ეს ქალი იყო შუამავალი, კომისიის თავმჯდომარესთან უნდა წარედგინა ჩემი დოკუმენტაცია, გაეპროტესტებინა და გაპროტესტების შედეგად დამატებით სიაში შეეყვანა“,– ამბობს თამარ ებრალიძე და ამატებს, რომ თავადაც ჩაურიცხა მარინა ახალკაციშვილს 500 ლარი.

რაც შეეხება მისთვის თანხის დარიცხვას, ასე გვპასუხობს: „მე მხოლოდ ვეხმარებოდი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში რაც შემეძლო, იდეის და გეგმის გამართვაში და მოგება–ზარალის კალკულაციაში“.

იგი ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე არ ყოფილა, თუმცა გამოკითხვაზე დაიბარეს: „მე არანაირ სასამართლოზე არ ვყოფილვარ, გამოკითხვაზე ჰქონდათ, რაღაც შეკითხვები, მაგრამ აქ ხომ ვერ გეტყვით“.

ჩვენ დავუკავშირდით „აწარმოე საქართველოს“ საზოგდოებასთან ურთიერთობის სამსახურს, როგორც, პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, მარინა ახალკაცშვილს მათ ორგანიზაციაში არასდროს უმუშავია.

პროკურატურის ინფორმაციით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება და მარინა ახალკაციშვილს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჩვენთვის უცნობია ამ საქმეზე სხვა პირებსაც თუ აქვს ბრალი წარდგენილი, აღნიშნულზე პასუხს უწყების პრესსამსახურიდან ველოდებიით.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყოლია.

ახალციხის რაიონული სასამართლოს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი სისიხლის სამართლის კოდექსის ორი: 180–ე და 372–ე მუხლებით წარედგინა, რაც თაღლითობას და მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელებას გულისხმობს.



წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.