შოვის სტიქიის ზონიდან კიდევ 80-მდე ადამიანი ევაკუირებულია
ვერტმფრენებით კიდევ 80-მდე მოქალაქე
გაიყვანეს კურორტ შოვის სტიქიური უბედურების ზონიდან.
ინფორმაციას საქართველოს შსს
ავრცელებს. ევაკუაცია დღეს დილიდან განახლდა. სტიქიის ზონაში მუშაობას
განაგრძობს რამდენიმე ასეული მაშველი.
რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს
ჩამოწვა. მეწყერი აქ ძლიერ წვიმას მოჰყვა. ამ დროისთვის
დადასტურებულია 2 ადამიანის სიკვდილი.
სტიქიის ზონიდან 70 მოქალაქე ვერტმფრენებით 3 აგვისტოსვე გამოიყვანეს.
გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო
ადგილას გაიყვანეს და მაშველებთან და პოლიციელებთან ერთად იმყოფებიან.
წუხანდელი მონაცემებით კავშირი იყო დაკარგული 50-მდე ადამიანთან.
გვიან ღამით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ირაკლი ქარსელაძემ, რომელიც რაჭაში იმყოფება, ჟურნალისტებს აცნობა,
რომ 6 ადამიანი უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან.