საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ UNFPA-სთან თანამშრომლობით, ტრადიციულად, პირველ ივნისს, საინფორმაციო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო.

კამპანია ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგაა მიმართული.
კამპანიის უმთავრეს მიზნებს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების აღმოფხვრა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ასევე, ამ კატეგორიის დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა წარმოადგენს. კამპანია, უკვე მეოთხე წელია, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით ხორციელდება.

საინფორმაციო კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს არაერთ ღონისძიებას, მათ შორის, დაგეგმილია, საინფორმაციო პოსტერების განთავსება საქართველოში არსებულ ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები არაერთ რეგიონში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან გამართავენ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს.

კამპანიის ფარგლებში, დაიბეჭდა საინფორმაციო პოსტერები, ასევე, დამზადდა მაისურები, ჩანთები და სხვა ბრენდირებული მასალები, რომლებიც კამპანიის მიმდინარეობისას მიეწოდებათ სკოლის ადმინისტრაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. კამპანიის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება ნახატების კონკურსი.
აღნიშნული კამპანია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


Print