საზოგადოება
ბოლო პერიოდში საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა, ძირითადად სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში. რვავე პაციენტი მოთავსებულ იქნა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში. ყველა გადარჩა. 6 მათგანი უკვე გაეწერა, 2 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

,,ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალური ხდება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გავრცელება.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს, რაც განპირობებულია ამ დაავადებით გამოწვეული მაღალი ლეტალობით: 10-40% (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია), მაღალი გადამდებლობით და ეფექტიანი სპეციფიკური სამკურნალო მედიკამენტების/ვაქცინების პრაქტიკულად არარსებობით. განიხილება ანტივირუსული მედიკამენტის რიბავირინის გამოყენება, თუმცა მყარი მტკიცებულებები მის ეფექტიანობაზე ჯერ-ჯერობით არ არის.

ინფექციის რეზერვუარები არიან მრავალრიცხოვანი შინაური და გარეული ცხოველები (თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები, თხები და სხვ.), რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ.
ადამიანების 80-90% ინფიცირდება ტკიპების ნაკბენის, ასევე ინფიცირებული ცხოველის/საქონლის სისხლთან ან ქსოვილებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად (მაგალითად ცხოველის დაკვლის დროს). ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან და/ან ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებისას (რისკი მაღალია სამედიცინო მანიპულაციების ან გვამთან შეხების დროს).
შესაბამისად, რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება: სოფლის მეურნეობის მუშაკები, მესაქონლეები, ცხოველთა სასაკლაოს მუშაკები, ვეტერინარები, სამხედროები, მედიცინის მუშაკები, მოგზაურები (ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების ენდემიურ რეგიონებში) და
საქართველოში ინფექცია ძირითადად გხვდება სამცხე-ჯავახეთში (ახალციხის, ადიგენის, ასპინძის რაიონები) და შიდა ქართლში (კასპის, ხაშურის, გორის რაიონები), თუმცა იშვიათად ერთეული შემთხვევები გხვდება სხვა რაიონებშიც. ინფექციის შემთხვევები ძირითადად გხვდება აპრილ-მაისიდან ოქტომბრამდე - როცა ტკიპები აქტიურდებიან. ''
Print