ახალი ამბები
"უდიდესი სიყვარული და თანაგრძნობა გამოხატეს ბორჯომელებმა ჩემს მიმართ" - ნატალი მესხი
ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში, ალბათ თქვენი ყურადღებაც მიიქცია ერთმა განცხადებამ: "ბორჯომში დაიკარგა შავი ტყავის საფულე".
ეს დაკარგული საფულე ბორჯომელ ნატალი მესხს ეკუთვნის, რომელსაც მიტანის სერვისი აქვს ბორჯომში, წლებია კურიერად მუშაობს და ჩართულია სხვადასხვა საქმიანობაში.





ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში, მედიაში, დაკარგულ საფულეს ეძებდა ყველა და ითხოვდნენ, მპოვნელს დაებრუნებინა საფულე მეპატრონისთვის. თუმცა, საფულე ადრესატამდე ისევ არ დაბრუნებულა.


ამ ყველაფრის შემდეგ მოქალაქეებში გაჩნდა იდეა, რომ ვისაც რისი შესაძლებლობა ჰქონდათ, დახმარებოდნენ ნატალის. Facebook-ზე გამოქვეყნდა მისი საბანკო ანგარიშის ნომრები. რიგითი ადამიანები კი ამ ფორმით ცდილობდნენ ნატალისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.


ნატალიმ კი მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა, იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მის ანგარიშზე თანხა ჩარიცხეს, ერთი კვირის განმავლობაში, საკურიერო მომსახურება მათთვის უფასოდ გაეწია, თუმცა ამ ადამიანებმა მომსახურების უფასოდ მიღებაზე უარი თქვეს. ტელეკომპანია "ბორჯომი" ამ ყველაფრის შესახებ ნატალის ესაუბრა.


"საფულეში მქონდა1400 ევროს ოდენობით თანხა, პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან და საქართველოს ბანკის საკრედიტო ბარათთან ერთად.  დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში პოვნის მიზნით განვათავსე, რასაც მოჰყვა დიდი გამოხმაურება ბორჯომელებისგან.

გამოქვეყნდა ჩემი საბანკო ანგარიშის ნომრები მცირედი დახმარების მიზნით. მათ გამოხატეს ძალიან ბევრი სითბო, სიკეთე და სიყვარული.

გადავწყვიტე პატივისცემის მიზნით, ერთი კვირის განმავლობაში მიტანის სერვისი მქონოდა უფასო, თუმცა, არ მიიღეს ეს შემოთავაზება ჩემი სიყვარულის ქალაქის მაცხოვრებლებმა.


ჩემი დანაკარგი არ გამოჩნდა თუმცა, უდიდესი სიყვარული და თანაგრძნობა გამოხატა ბორჯომის მოსახლეობამ ჩემს მიმართ. ეს არის დიდი ბედნიერება. უკლებლივ ყველას ვუხდი უდიდეს მადლობას. სიხარულს და სიყვარულს ვუსურვებ მთელ ბორჯომს.


იმდენად კეთილი და სიყვარულით სავსე ადამიანები ცხოვრობენ ბორჯომში, ვფიქრობ, შეეფერება ქალაქს ერქვას "სიყვარულის ქალაქი"
- გვეუბნება ნატალი მესხი.




გიზიარებთ ნატალი მესხის საბანკო ანგარიშის ნომრებს. მსურველებს ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:


GE08BG0000000541579020 -  საქართველოს ბანკი

GE11TB7929445064300029 -  თიბისი ბანკი

მიმღები: ნატო მესხი
Print