ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში ყირიმ–კონგოს შემთხვევები გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე–ჯავახეთის განყოფილების ინფორმაციით, ასპინძაში, ადიგენსა და ახალციხეში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ინფიცირების სამი შემთხვევა გამოვლინდა.


2023 წელს ინფიცირების პირველი შემთხვევა 28 აპრილს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში გამოვლინდა. ინფექცია 23 წლის კაცს დაუდასტურდა.


ყირიმ–კონგო 1 მაისს დაუდასტურდა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში მცხოვრებ 62 წლის კაცს.


ცხელების მესამე შემთხვევა 5 მაისს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქურდევში გამოვლინდა. ინფიცირებული 58 წლის კაცია.


ყირიმ-კონგოს დაავადებისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ადამიანის კანზე, კანქვეშ და ნაკბენის მიდამოებში ჩნდება სისხლჩაქცევები და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევები ფიქსირდება, დაავადებულის სისხლთან, გამონაყოფებთან, ორგანოებთან მჭიდრო კავშირისას.ადამიანებში დაავადების სიმპტომები მოულოდნელი შემცივნებით იწყება. სხეულის ტემპერატურა 39-40°С–მდე იწევს, იწყება კუნთებისა და თავის ტკივილით, ღებინებით, დიარეით.


დაავადება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და, დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე, შეიძლება, სიკვდილით დასრულდეს.




Print