ახალი ამბები
მედიის ადვოკატირების კოალიცია ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს შიდა დეზინფორმაციული კამპანია
Facebook-ის მიერ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები წაშლის ფაქტს, მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება. კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიდა დეზინფორმაციული კამპანია.


„აღნიშნული ანგარიში ადასტურებს ღია წყაროებით მოპოვებულ ინფორმაციებს, რომელიც ადრეც აჩენდა ეჭვებს, რომ ხშირად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არა საჯარო ინტერესის, არამედ პარტიული მიზნით ხდება, ხოლო მმართველი პარტია პოლარიზაციას და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის გაჩენას უწყობს ხელს, რაც ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს. ეს კი იმ ფონზე, როდესაც მედია გარემო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ძალადობა, ბოიკოტი, უკანონო მოსმენები და ა.შ. ნაცვლად რეალური საფრთხეების წინააღმდეგ აქტიური ქმედების გადადგმისა, ხელისუფლება თავად ეწევა შიდა პროპაგანდას, ჟურნალისტების უფლებების დარღვევას და ოპონენტების დისკრედიტაციას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.


2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშის თანახმად, მთავრობის სტრატეგიულ დეპარტამენტთან აფილირებული ყალბი ანგარიშები ცდილობდნენ პროსამთავრობო ნარატივის პოპულარიზებას, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას. აღნიშნული ქმედებები ხდებოდა რუსული კანონის განხილვის პერიოდში. მთავრობის დეპარტამენტთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 ინსტაგრამ გვერდი კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო წაიშალა. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 33 500 აშშ დოლარი იყო Facebook-ისა და Instagram-ის რეკლამებისთვის დახარჯული.
Print