საზოგადოება
ბელგრადის სკოლაში მოსწავლემ რვა ბავშვი და მცველი მოკლა
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში საშუალო სკოლაში სროლისას რვა ბავშვი და მცველი იქნა მოკლული, ხოლო რამდენიმე სხვა მოწაფე და მასწავლებელი დაჭრილია, იტყობინება ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 მაისს.

სკოლის 14 წლის - მეშვიდე კლასელი მოსწავლე ეჭვმიტანილია დანაშაულში და ის სკოლის ტერიტორიაზე დააკავეს.

თინეიჯერს, რომელსაც ბრალი ედება ცხრა პირის მკვლელობაში, დეტალური გეგმა ჰქონდა, ვინ უნდა მოეკლა, განაცხადა ბელგრადის პოლიციამ.

ეჭვმიტანილს "თავდასხმა დაგეგმილი ჰქონდა ერთი თვის წინ და შეადგინა იმ ბავშვების სია, რომლებიც უნდა მოეკლა" - განაცხადა ბელგრადის პოლიციის უფროსმა ვესელინ მილიჩმა პრესკონფერენციაზე.

ინციდენტი მოხდა ბელგრადის "ვლადისლავ-რიბრიკარის" საშუალო სკოლაში.

სამინისტრო ადრე იტყობინებოდა, რომ მეშვიდე კლასელმა მამამისის იარაღით ცეცხლი გაუხსნა მოსწავლეებს და მცველს; ექვსი დაჭრილი ბავშვი და ერთი მასწავლებელი საავადმყოფოში მოათავსეს.

სერბეთის განათლების მინისტრი, ბრანკო რუზიცი და ჯანდაცვის მინისტრი, დანიცა გრუიჩიჩი ადგილზე მივიდნენ.

ცნობით, მოსწავლემ იარაღი ზურგჩანთით შეიტანა სკოლაში. რადიო თავისუფლების ჟურნალისტები, რომლებიც ადგილზე მივიდნენ, იტყობინებიან, რომ მოსწავლეებს გვერდითი გასასვლელიდან დაატოვებინეს შენობა.

გამოცემა Informer-ის ინფორმაციით, დაკავებულმა ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ ის „ფსიქოპატია“. ზურგჩანთაში ორ პისტოლეტთან ერთად მას ასევე ჰქონდა ბოთლი აალებადი ნივთიერებით.

ბი-ბი-სის თანახმად, ბალკანეთის ომების შემდეგ სერბეთის მოსახლეობას დიდი რაოდენობის იარაღი ჩაუვარდა ხელში. სერბეთში იარაღის შეძენის და შენახვის მკაცრი კანონი მოქმედებს.
წყარო: რადიო თავისუფლება
Print