ახალი ამბები
რა უნდა გაკეთდეს ფერმერების წახალისებისთვის - სამცხის მაჟორიტარის ინიციატივა
ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამცხე–ჯავახეთში მესაქონლეობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. მისი ინიციატივაა, ფერმერების ხელშეწყობისთვის, მეტი ინვესტიციის ჩადება.

„მოგეხსენებათ ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა რძის პროდუქტებზე. შესაბამისად მზარდია რძის პროდუქტების იმპორტიც. სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მესაქონლეობის განვითარების მხრივ დიდი პოტენციალი გააჩნია. მეტი ხელშეწყობა რეგიონში საშუალებას მოგვცემს ჩავანაცვლოთ იმპორტირებული რძის პროდუქტები ადგილობრივი წარმოებით“,– თქვა ანტონ ობოლაშვილმა.

დეპუტატის აზრით, რეგიონი მესაქონლეობის განვითარებისთვის საჭიროა მეტი ინვესტიციის ჩადება, წახალისება და გრანტები: „მინდა გკითხოთ როგორია თქვენი ხედვა, რა გეგმები გაქვთ ქვეყნის მასშტაბით და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ამ მიმართულებით მოსახლეობისმეტი მოტივაციისთვის?“

დეპუტატის მოსაზრებას დაეთანხმა მინისტრიც, მისი თქმით ფერმერებს ნამდვილად სჭირდებათ მეტი ხელშეწყობა.

„დიახ, ჩვენი რძის პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია, ამაში გეთანხმებით, გვაქვს იმპორტიც, თუმცა წარმოების მაჩვენებელი აქაც არ არის შემცირებული, პირიქით მცირედით, მაგრამ აქაც გვაქვს ზრდა. თუმცა გეთანხმებით, რომ მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ მესაქონლეობას და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. გარდა ამისა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ვეხმარებით ფერმერებს მეცხოველეობის მიმართულებით. მაგრამ საჭიროა უფრო მეტი მხარდაჭერა რომ შევძლოთ ქვეყანაში უფრო მეტი რძის პროდუქტების წარმოება“,– განმარტა ოთარ შამუგიამ.
Print