საზოგადოება
„ამერიკელების ფული ხმარდება იდეას, რომ ქართველებმა თავად შეძლონ საკუთარი ხალხის დახმარება“ - კელი დეგნანი
ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობდა. მან ახალქალაქის ერთ-ერთ სკოლაში ამერიკული საგანმანათლებლო სივრცე გახსნა. რეგიონში ვიზიტისას, დიპლომატმა ისაუბრა იმ ევროპულ არჩევანზე, რომელიც საქართველოში მცხოვრებმა მოსახლეობამ ქუჩაში გამოსვლით აქციებზე, მყარად დააფიქსირა. კელი დეგნანმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებზეც, სადაც მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ როგორც ორგანიზაციებს, ასევე რიგით მოქალაქეებს. ამერიკის ელჩის განცხადებით, მათი პროგრამები არის სრულად გამჭვირვალე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს, რაში და როგორ იხარჯება ამერიკელების მიერ გამოყოფილი თანხა.



„როგორც ვიცი, საქართველოს რეგიონებშიც იყო აქციები, ქუჩაში გამოსვლები, სადაც მოხდა მოქალაქეების მიერ საკუთარი პოზიციების დაფიქსირება. ქართველ ხალხს მტკიცედ აქვს გაკეთებული არჩევანი და ეს არის ევროპული არჩევანი. ნებისმიერ რამ, რაც მათ გადაახვევინებს ევროპული გზიდან, მიუღებელი იქნება ამ ქვეყნის მოსახლეობისათვის. მთავრობამ მოისმინა მათი მოსაზრება და უკან გაიწვია კანონპროექტი (აგენტების შესახებ).

რა თქმა უნდა, რეგიონები ძალიან მნიშვნელოვანია და რეგიონის მოსახლეობის საჭიროებები, მოსაზრებები ფართოდ და აქტიურად უნდა იყოს წარმოდგენილი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში. ამ რეგიონში (სამცხე-ჯავახეთში) ჩვენი ღონისძიებაც ემსახურება საზოგადოებასთან შეხვედრას, რომ მათ უკეთ ავუხსნათ თუ როგორ შეუძლიათ ორგანიზაციებს, მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ ამერიკის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროგრამაში. ზოგიერთი საუბრობდა უფრო მეტ გამჭვირვალობაზე. დიახ, ჩვენი პროგრამები არის გამჭვირვალე და ყველას აქვს შესაძლებლობა დაინახოს, რაში და როგორ იხარჯება ამერიკელების მიერ გამოყოფილი თანხა. ეს ფული ხმარდება იდეას, რომ ქართველებმა თავად შეძლონ ქართველების დახმარება. სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

რაც შეეხება რეგიონში არსებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, ვიტყოდი, რომ ისინი საკმაოდ აქტიურები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ დიდი ფინანსური რესურსი, კარგად იციან თავიანთი მოსახლეობის საჭიროებები და მათში ვხედავ ძალიან დიდ შემართებას, ერთგულებას. ისინი ჩემზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ“
- განაცხადა კელი დეგნანმა.


Print