საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ მცირე 50 დემონსტრანტი დააკავა
წუხელ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ მცირე 50 დემონსტრანტი დააკავა. მათ შორის იყო პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. დაკავებულთა შესახებ ოფიციალური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

აქციის მონაწილეები, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმანი ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამ მუხლებით ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული.

7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო "ხალხის ძალის" წარმომადგენელთა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
წყარო: ,,რადიო თავისუფლება''

Print