საზოგადოება
,,დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა''-აშშ-ს საელჩო
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებით ეხმაურება საქართველოს პარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვას. საელჩო პირდაპირ ამბობს, რომ დღეს ქართული დემოკრატიისთვის შავი დღეა და წერს, რომ ამ კანონების მიღება "ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს."

"დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი" - ასეთია საელჩოს განცხადების სრული ტექსტი.

პარლამენტში ამ წუთებში დაჩქარებული წესით განიხილება "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტები "უცხოეთის აგენტების შესახებ." პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი აქციას მართავს ამ კანონის წინააღმდეგ.
Print