ახალი ამბები
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 4300-ს გადააჭარბა
თურქეთში 2921-მდე გაიზარდა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.

საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 15 834 ადამიანი. 338 000 მოქალაქე დროებით თავშესაფრებშია განთავსებული. თურქეთმა ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შორისაა საქართველოს 2 მოქალაქეც.

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

თურქეთის ათ ქალაქში, მათ შორის გაზიანთეპში, მალათიაში, ადანასა და დიარბაქირში დანგრეულია 2800-ზე მეტი შენობა.

მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაშიც. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ალეპოში, ჰამაში, ლატაკიასა და ტარტუსში დაიღუპა სულ მცირე 711 ადამიანი. ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე სამოქალაქო თავდაცვის მოძრაობის ინფორმაციით, სირიის იმ რაიონებში, რომლებსაც ოპოზიცია აკონტროლებს, დაიღუპა სულ მცირე 740 ადამიანი.
Print