საზოგადოება
დღეიდან, 15 იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასს განსაზღვრავს
დღეიდან, 15 იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასს განსაზღვრავს, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაადგენს მედიკამენტის გასაყიდი ან საექსპორტო ფასის ზედა ზღვარს.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 15 თებერვლიდან ეს ცვლილება სრულად შევა ძალაში - ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, წამლის ფასის მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.

მინისტრის თქმითვე, ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ, ხოლო თუკი ისინი რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარადგენენ, ამას სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო განიხილავს.

მანვე აღნიშნა, რომ რეგულაციების დამრღვევებს სხვადასხვა ტიპის სანქციები დაუწესდებათ.

"წამლის კანონში ძალიან მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმი ჩავდეთ, რომელიც ნებისმიერი საბითუმო თუ საცალო ქსელისთვის ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ რეგულირების სააგენტოს გამოუჩნდეს ნაშთები, მედიკამენტების ჩამონათვალი და ფასები.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, არამხოლოდ რეფერენტული ფასების მიზნებისთვის, არამედ იმ მიზნებისთვის რომელიც დაკავშირებულია ელექტრონული რეცეპტების გამოწერასთან, მედიკამენტების მოძრაობასთან ქვეყანაში, ის რომ არ შეიქმნას ხელოვნური დეფიციტი და ა.შ.", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყება, პარალელურად წამლის მიკვლევადობის სისტემის შექმნაზე მუშაობს. სისტემის საშუალებით, ნებისმიერ პირს და ასევე მარეგულირებელს უჩნდება შესაძლებლობა, შტრიხკოდის საშუალებით, მედიკამენტთან დაკავშირებული ინფორმაცია მარტივად მიიღოს.

მთავრობამ წამლის რეფერენტული ფასის განსაზღვრისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში გაგზავნის გადაწყვეტილება 2022 წლის 9 ნოემბერს მიიღო. მისი მიზანია, ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭოს უფლება, დააწესოს მედიკამენტის ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება.

წყარო : რადიო თავისუფლება
Print