Error
საზოგადოება
საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა-Human Rights Watch
მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესდა, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის მიერ საქართველოში 2022 წელს განვითარებული მოვლენების შეფასების თაობაზე ანგარიშშია აღნიშნული.

Human Rights Watch-ის ანარიშში ასახულია ფაქტები, სადაც, ორგანიზაციის შეფასებით, მედიის თავისუფლება შეიზღუდა. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, 2022 წელს „გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები“.


HRW იწყებს მაისში, „წამყვანი კრიტიკული ტელეარხის“, „მთავარი არხის“, ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვით პატიმრობის მისაჯით, „სხვა კერძო ტელეკომპანიის დირექტორობის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით“.

HRW ანგარიში აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას, „როგორც უკანონოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს“, სამოქალაქო საზოგადოების ფართო კრიტიკა მოჰყვა; ხოლო სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ „კომპანიის დირექტორის გადაწყვეტილება არ უნდა დაექვემდევაროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას" და მან "საქმის შეწყვეტა მოითხოვა". ნოემბერში, სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

HRW აღნიშნავს, რომ საქართველოში გამოვლენილია „ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მათ საქმიანობაში ჩარევის ბევრი ფაქტი“:

მარტში, რამდენიმე პირი დაესხა თავს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიასა და ამავე არხის ოპერატორს, ზუგდიდში, როცა ისინი ცდილობდნენ გადაეღოთ, „მუნიციპალიტეტის [ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აიპის] თანამშრომლები, რომლებიც პოლიტიკური პარტიის [„კონსერვატიული მოძრაობა“] ოფისის ფასადზე დახატულ უკრაინის დროშას შლიდნენ“. აღნიშნულია, რომ საქმის გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.

ივნისში, ორი პირი დაესხა თავს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს - მურმან ზოიძეს, ბათუმში. HRW აღნიშნავს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ საქმეზე ორი პირი დააკავა.
ივლისში, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ინციდენტისა, როდესაც „დეპუტატი სავარაუდოდ ფიზიკურად დაესხა თავს ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელს, ვახტანგ წერეთელს“.

მაისში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გათავისუფლებულმა სამმა თანამშრომელმა ხელმძღვანელები „ცენზურასა და სარედაქციო პოლიტიკაში „უხეშ ჩარევაში“ დაადანაშაულა, განსაკუთრებით რუსეთის მიმართ კრიტიკულ მასალებთან დაკავშირებით“. HRW აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, იგივე ბრალდება „საზოგადიებრივი მაუწყებლის“ კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა გაიმეორა.
Print