საზოგადოება
როდის ჩატარდება საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2024 წელს მოსახლეობის აღწერა არა ტრადიციული, არამედ თანამედროვე მეთოდით ჩატარდება და მოსამზადებელი სამუშაოებისთვის წელს უწყების ბიუჯეტში დაახლოებით 6.5 მლნ ლარია გათვალისწინებული.

„2022 წელს დადგინდა მოსახლეობის აღწერის ჩატარების თარიღი. აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ აღწერისთვის უარს ვამბობთ ტრადიციული მეთოდის გამოყენებაზე და თანამედროვე მეთოდებს გამოვიყენებთ, პირველი ორი კვირის განმავლობაში მონაცემთა შეგროვება დაიწყება თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით ვებგვერდის საშუალებით და შემდეგ გაგრძელდება ე.წ. კაპი მეთოდით, ანუ პლანშეტური მეთოდით მონაცემთა შეგროვება.

საქსტატის ბიუჯეტი 2023 წლისთვის გაზრდილია 13 მლნ-დან თითქმის 21 მლნ ლარამდე, აქ ზრდა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ აქტიურ ფაზაში შედის მოსახლეობის აღწერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები და დაახლოებით 6.5 მლნ ლარი მოდის მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებზე“,
- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მან 2022 წელი შეაფასა და 2023 წლის დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა.

Print