საზოგადოება
სააკაშვილის სერიოზული დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის - ამერიკელი ნევროლოგი
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლოში დისტანციურად იკითხება ამერიკელი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ემანუელ ლახანი. მან ადვოკატის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ სააკაშვილის დაავადებები სასჯელის მოხდისთვის ხელისშემშლელია.

"მე, როგორც ნევროლოგი, მივიჩნევ, რომ ის სერიოზული დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის", - თქვა ნევროლოგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი სერიოზულად არის ავად, რის შემდეგაც ჩამოთვალა დიაგნოზები:

"გონების გარდამავალი დაკარგვა, კრუნჩხვები, მას აქვს დაუზუსტებელი დემენცია, ტემპერატურის და წნევის სწრაფი ცვლილება, მნიშვნელოვნად გამოხატული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, სახეზეა პოლიფარმაცია - მრავლობითი წამლების დანიშვნის შემთხვევა - კუნთების მნიშვნელოვანი განლევა".

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, 9 იანვარს, მიმდინარე სასამართლო სხდომას არ ესწრება.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.

სხდომის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი აქციას მართავს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა, ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.


წყარო: www.radiotavisupleba.ge
Print