საზოგადოება
ევროკავშირმა 17 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა
ევროკავშირმა დაახლოებით 17 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა, - ამის შესახებ იუსტიციის კომისარმა, დიდიე რეინდერსმა განაცხადა.

“ჯერჯერობით, გაყინულია 90 ადამიანის აქტივები, 17 მილიარდ ევროზე მეტი შვიდ წევრ ქვეყანაში, მათ შორის 2.2 მილიარდი ევრო გერმანიაში”, - განაცხადა დიდიე რეინდერსმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ითხოვენ, დაყადაღებული აქტივები ომის შემდეგ ქვეყნის აღსადგენად გამოიყენონ.

„თუ ეს არის ევროკავშირის მიერ ჩამორთმეული კრიმინალური ფული, შესაძლებელია მისი გადარიცხვა უკრაინის კომპენსაციის ფონდში“, - განაცხადა რეინდერსმა, მაგრამ დასძინა, რომ ეს თანხა არ არის საკმარისი რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად.

რეინდერსმა აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციებმა ასევე გამოიწვია რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს მოცულობის სავალუტო რეზერვების გაყინვა მთელ მსოფლიოში და დასძინა, რომ ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც გარანტია.

„ჩემი გადმოსახედიდან, შესაძლებელია ამ 300 მილიარდი ევროს გარანტიად შენახვა ვიდრე რუსეთი ნებაყოფლობით არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის აღდგენაში“, - აღნიშნა ევროკავშირის იუსტიციის კომისარმა.


წყარო:www.interpressnews.ge
Print