ახალი ამბები
ვაკის პარკში დენის დარტყმით დაშავებული ბავშვი კონტაქტურია, გრძელდება მონიტორინგი
კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" მოთავსებული 13 წლის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ექიმის თქმით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ბინაზე სავარაუდოდ მალე გაეწერება, თუმცა მონიტორინგი ინტენსიურ განყოფილებაში გრძელდება.

"ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სპონტანურ სუნთქვაზეა, სუნთქვას დახმარების გარეშე. ჰემოდინამიკურადაც სტაბილურია, მაგრამ მონიტორინგი სჭირდება, თუმცა აქტიურია, კონტაქტურია, შეკითხვებს პასუხობს. რისკები საჭიროებს დაკვირვებას. პროგნოზია, რომ მისი მდგომარეობა იქნება კარგი და სავარაუდოდ, მალე გაეწერება ბინაზე. მე ვფიქრობ, რომ ლაზარე საზღვარგარეთ გადაყვანას ამ ეტაპზე, ამ მონაცემებით, არ საჭიროებს“, - ამბობს ექიმი.

13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი გარდაიცვალა, იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მალევე გაუმჯობესდა და ის გუშინ გაწერეს კლინიკიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
Print